24 000 ადამიანი იჯდა ციხეში და დღეს, თუ არ ვცდები, 8 თუ 9 ათასი ადამიანი ზის. ეს იმის ხარჯზე არ არის, რომ კრიმინალი გაიზარდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ტელეკომპანია "იმედის" ეთერში "ნულოვანი ტოლერანტობისა და სააკაშვილის დროს გადავსებულ ციხეებთან" დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა.
მინისტრის თქმით, ფაქტი, რომ დღეს ციხეებში გაცილებით ნაკლები ადამიანის ზის, კრიმინალის ზრდის ხარჯზე არაა და სწორი მიდგომის შედეგია.
"ჩემი აზრით, ჯობია, ვიმუშაოთ, რომ უფრო მეტად გავიზარდოთ, უფრო მეტად დავხვეწოთ როგორც პოლიციელები, ასევე საზოგადოება და აქეთკენ წავიდეთ, ის უკიდურესობა მანამდე რაც იყო, გახსოვთ, 24 000 ადამიანი იჯდა ციხეში და როდესაც დღეს, თუ არ ვცდები, 8 თუ 9 ათასი ადამიანი ზის. ეს იმის ხარჯზე არ არის, რომ დღეს კრიმინალი გაიზარდა. ამოვიღოთ სტატისტიკა ელემენტარულად, თუნდაც 2008-ის, 2009, 2010 წლის და ა.შ. არანაირად გაზრდილი არ არის სტატისტიკა. თურმე შეიძლება, რომ ოთხმაგი რაოდენობა ციხეში კი არ გყავდეს, პირიქით, შეამცირო და მათთან იმუშაო და სხვანაირად მიუდგე. მე ვფიქრობ, რომ ასე სწორად მივდივართ ჩვენ და სწორედ ესე უნდა წავიდეთ," - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.