პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში გაემგზავრნენ.
ვიზიტი სტრასბურგში 12-13 თებერვალს არის დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე ევროპარლამენტარებს შეხვდებიან.
ცოტა ხნით ადრე, ვიზიტთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპარლამენტარებს შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირეთბიინფორმაციას მიაწვდიან.
"ჩვენ ჩავდივართ სტრასბურგში იმისათვის, რომ შევხვდეთ ჩვენს კოლეგებს ევროპარლამენტიდან.
ეს კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მჭიდრო გახდეს თანამშრომლობა ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ჩვენ ამ შეხვედრებზე გვექნება საუბარი შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ამასთან დაკავშირებით მივაწვდით ინფორმაციას ჩვენ მეგობრებსა და კოლეგებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კახა კალაძის განცხადებით, კი შიდა პოლიტიკური პროცესების განხილვის გარდა, იმსჯელებენ რეფორმებზე, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება.
"სტრასბურგში ვიზიტისას შევხვდებით ევროპარლამენტის სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს და მივაწვდით ინფორმაციას საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და ვიმსჯელებთ ზოგადად მომავალზე, იმ რეფორმებზე, რომლებიც ხორციელდება ქვეყანაში", - ციტირებს კახა კალაძის სიტყვებს "საზოგადოებრივი მაუწყებელი".