საქართველოს პარლამენტის წევრი თამარ ჩუგოშვილი უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავას წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ გიგი უგულავას დაკავებამ ფაქტობრივად მოკლა სხვა თემებზე შეთანხმების მიღწევის შანსი.
"ერთია სისხლის სამართლის საქმე და მეორეა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულია მაშინ, როდესაც ოპოზიცია და ხელისუფლება მოლაპარაკების რეჟიმში იყვნენ. ყველა აცნობიერებს, რომ ამით დასრულებულია მოლაპარაკებები და თითქმის შეუძლებელია უკვე რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა.
მე, როგორც წესი, ყოველთვის ვერიდები სისხლის სამართლის საქმეებზე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას. ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური დატვირთვაც აქვს ამ საქმეს და პოლიტიკური დატვირთვა მისი არის ნეგატიური. მან ფაქტობრივად მოკლა შანსი შეთანხმების მიღწევის სხვა თემებზე", - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო. სასამართლომ უგულავას დამატებით 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გიგი უგულავას პროკურატურა თბილისის მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.