დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს კორონავირუსით გარდაცვლილი ჩინელი ექიმის, ლი ვენლიანის ხსოვნას.
გუშინ, ჩინეთის ქალაქ უხანში, კორონავირუსისგან გარდაიცვალა ექიმი ლი ვენლიანი, რომელმაც პირველმა ატეხა განგაში ახალი ვირუსის საფრთხის შესახებ.
ახალგაზრდა ექიმი ოფთალმოლოგად მუშაობდა უხანის ცენტრალურ საავადმყოფოში, როდესაც მან 30 დეკემბერს, პირველმა გააფრთხილა კოლეგები უცნობი ვირუსის შესახებ და მათ დამცავი ნიღბების ტარება სთხოვა.
რამდენიმე დღეში, ექიმი პოლიციაში გამოიძახეს და ბრალი დასდეს "ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზარალა საზოგადოებრივი წესრიგი".
მოგვიანებით, პოლიციამ მას ბოდიში მოუხადა.
34 წლის ექიმმა ვირუსის შვიდი შემთხვევა დააფიქსირა, რომელიც მისი აზრით ძალიან გავდა იმ ვირუსს, რომელმაც 2003 წელს გლობალური ეპიდემია გამოიწვია.
კორონავირუსის დიაგნოზი თავად ლი ვენლიანს 1 თებერვალს დაუსვეს, რომელსაც დაავადება, როგორც იუწყებიან პაციენტისგან გადაედო.