ეუთო შეგვახსენებს, რომ დიახ, საქართველოს სასამართლო წყვეტს საბოლოო ჯამში ყველა დავას ამ თემაზე, მაგრამ ეუთო არ სვამს არც ერთ საკითხს, ეს მოდელი კონსტიტუციასთან რამე პრობლემას ხომ არ ქმნისო, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით უსუფაშვილმა ეუთო/ოდირის დასკვნის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეუთო-ს არ აქვს არც ერთი კითხვა აღნიშნული მოდელის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით და ტექნიკური ხასიათის რეკომენდაციებს იძლევა. ამასთან, უსუფაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ეუთო-ს ყველა რეკომენდაციის გაზიარებისთვის მზადაა.
"ეუთო შეგვახსენებს, რომ დიახ, საქართველოს სასამართლო წყვეტს საბოლოო ჯამში ყველა დავას ამ თემაზე, მაგრამ ეუთო არ სვამს არც ერთ საკითხს, ეს მოდელი კონსტიტუციასთან რამე პრობლემას ხომ არ ქმნისო.
იქ, სადაც ასეთი კითხვა ებადებოდა, მოლდოვის ერთ-ერთ კანონპროექტთთან დაკავაშირებით, მას არ მორიდებია და ჩაწერა ამ დოკუმენტში, ჩვენ რომ ვიხილავთ ამ საკითხს ვხედავთ, რომ ეს კონკრეტული ფორმულირება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში კითხვებს აჩენს და ამიტომ კარგად დაფიქრდითო.
ეს უთხრა იმავე ორგანომ მოლდოვას, რომელმაც ჩვენ გამოგვიგზავნა ეს დასკვნა და მსგავსი კითხვა არ დაუსვამს. ამიტომ სპეკულაციები იმის თაობაზე, კონსტიტუციური არის თუ არ არის, ყოვლად უსაფუძვლოა", - თქვა უსუფაშვილმა.
მისი აზრით, ოპოზიციის მიერ შემუშავებული ე.წ. გერმანული მოდელი შექმნილი ვითარებიდან ერთ-ერთი გამოსავალია.
"ამ დასკვნამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მოდელის სისწორე, გამოსავლად მისი გამოყენების შესაძლებლობა და კიდევ მაქვს მცირე იმედი, რომ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება, შეისმენს ეუთო-ს დასკვნასაც, ჩვენს მოთხოვნასაც, საზოგადოების მოთხოვნასაც, გაიხსენებს საკუთარ დაპირებასაც, კარგად წაიკითხავს იმ უამრავ წერილს, რომელიც სხვადასხვა კუთხიდან მოდის საქართველოში და გადავდგამთ ნაბიჯს სწორი მიმართულებით.
ეს მოდელი არის ერთ-ერთი გამოსავალი, მაგრამ ჩვენ სხვა თემებზეც ვიყავით მზად და ვართ იმედიანად, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, მოვძებნოთ გამოსავალი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.