ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეუთო/ოდირი თუ ამბობს, რომ კონსტიტუციურობის საკითხს ვერ გაარჩევს, მაშინ ვერც იმას დაწერენ, რომ კონსტიტუციურია და ვერც იმას, რომ არაკონსტიტუციურია.
„თუ ეუთო/ოდირი გეუბნება, რომ ისინი ვერ გაარჩევენ იმ თემას, რასაც ჰქვია კონსტიტუციურობის საკითხი, მაშინ ვერც იმას დაწერენ, რომ კონსტიტუციურია და ვერც იმას, რომ არაკონსტიტუციურია. ამაზე მოჭიდება და საზოგადოების ამით მოტყუება, რეალურად, ძალიან დიდი სირცხვილია. ეუთო/ოდირმა ოპოზიცია ძალიან მძიმედ დატუქსა. ძალიან სამწუხაროა, შეიძლება ეს ჩემი მხრიდან, როგორც სუბიექტური ადამიანის მხრიდან, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ოპოზიციაზე რაღაც გამარჯვება იყოს, მაგრამ მეორე მხრივ, როდესაც ქვეყანაში გყავს ოპოზიცია, რომელიც ეუთო/ოდირის შეფასებით არის ძალიან არაკომპეტენტური, უხერხულია“ ,- განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციამ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სახალხო დამცველიც, რომელმაც ეუთო/ოდირს მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი გაუგზავნა.
„უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდეს სახალხო დამცველი, რომელსაც ეუთო/ოდირში კონსტიტუციურობის დადგენის მიზნით დასკვნა გააგზავნინეს. პრაქტიკულად, შედეგი მივიღეთ, რომ ეუთო კონსტიტუციურობის საკითხს არ განიხილავს“ ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.