ოპოზიციამ აჩვენა საკუთარი უცოდინრობა, ისიც ვერ გაიგო, სად უნდა გააგზავნოს პროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად, რაც სამარცხვინოა, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნაში არსად წერია, რომ ოპოზიციის მიერ გაგზავნილი ე.წ. გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისობაშია.
„პირიქით, ამ დასკვნაში წერია ის, აქ დავარღვევ შეთანხმებას და ვიტყვი, რაც იყო ჩემ მიერ მოლაპარაკების მაგიდასთან ნათქვამი. როდესაც ბატონი ბოკერია თითს აქნევდა მოლაპარაკების მაგიდასთან და ამბობდა, რომ თქვენ თუ არ დათანხმდებით ამას, ქვა ქვაზე არ დარჩება, იქნება ერთი ამბავი და ოდირში გავაგზავნით ჩვენს პროექტს, მე მას ვუთხარი, რომ ოდირი არ ამოწმებს ამა თუ იმ პროექტის კონსტიტუციურობას, რაზეც მან წამოიწყო ცუდუბრალო ქირქილი. დღეს ოდირი თვითონ ეუბნება ბატონ ბოკერიას, რომ მე არ ვარ ის ორგანო, რომელიც შეამოწმებს კონსტიტუციურობას. ეს სამარცხვინოა, სამარცხვინოა იმით, რომ ოპოზიციამ აჩვენა საკუთარი უცოდინრობა. ისიც ვერ გაიგო, სად უნდა გააგზავნოს პროექტი კონსტიტუციურობის შესამოწმებლად. ძალიან სამარცხვინოა, ოდირს მოუწია დამოუკიდებელი საქართველოს ოპოზიციისთვის იმის შეხსენება, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და თვითონ ჩვენ, ხელისუფლებამ, ოპოზიციამ და ქართველმა ხალხმა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, რომელი მოდელია შესაბამისი ჩვენი დემოკრატიული განვითარების მიზნებისათვის”, - თქვა წულუკიანმა.