ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიცია გააგრძელებს მმართველ გუნდზე ზეწოლას და საპროტესტო აქციების მოწყობას, მანამ, სანამ ივანიშვილი არ წაიღებს უკან შეურაცხყოფას, არ დათანხმდება საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატრებას.
"სანამ ივანიშვილი არ წაიღებს უკან შეურაცხყოფას, რომელიც მან ქართველ ხალხს მიაყენა - გადაგაგდეთო, ფეხებზე მკიდიხართო, სანამ არ შეწყვეტს უტიფრობას, სანამ არ შეწყვეტს ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომელიც ცუდია ქვეყნისთვის და რომელიც საგარეო იზოლაციას იწვევს ხელისუფლების, რაც ცუდია ქვეყნისთვის, მანამდე გაგრძელდება მწვავე აქციები. ვნახოთ, როგორ გაუძლებენ ამ კომბინაციას - ქართული საზოგადოების ლეგიტიმურ აღშფოთებას პლუს საქართველოს მეგობრების ჩემ მეხსიერებაში უპრეცედენტო ზეწოლას", - თქვა ბოკერიამ.
პარლამენტის შენობის შესასვლელებთან ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სირცხვილის დერეფნები მოაწყვეს. აქციაზე მიიტანეს ბანერები, რომელზეც არის წარწერა – „სირცხვილია“. ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტის წინ იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც. აქციის მოთხოვნაა, შესრულდეს ბიძინა ივანიშვილის მიერ 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.