3 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს.
პატრიარქმა ხაზი გაუსვა ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანი გზით დაბრუნების აუცილებლობას და აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გაწეული თანადგომისთვის მადლიერება გამოხატა.
"პრობლემები ბევრია, მაგრამ იმედი უფრო მეტია", - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა პატრიარქს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აშშ კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ისაუბრა გასული წლის ოქტომბერში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტის შესახებ აშშ-ში და ხაზი გაუსვა ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ქ-ნ კელი დეგნანს ელჩად დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა.