5 თებერვალს, ქალაქ თბილისის მერია და თბილისის მულტიფუქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს აღნიშნავენ.
გაერთიანების მედიათეკებსა და ბიბლიოთეკებში, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციასთან პარტნიორობით, დაგეგმილია მხატვრული ნაწარმოებების საჯაროდ კითხვა, ლიტერატურის შესახებ საუბრები და სხვადასხვა თემატური ღონისძიებები.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის ოფიციალური გახსნა ვაკის მედიათეკაში, 12 საათზე გაიმართება. მთავარი ღონისძიება მიხეილ ჯავახიშვილის დაბადებიდან 140 წლის იუბილეს ეძღვნება. სწორედ მის შემოქმედებაზე ისაუბრებენ როსტომ ჩხეიძე, ზვიად კვარაცხელია, ნათია ფურცელაძე და გიორგი ლობჟანიძე, რომლებიც საჯაროდ წაიკითხავენ მონაკვეთებს მწერლის ჩანაწერების წიგნიდან - „უბის წიგნაკებიდან“.
თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალებში დაგეგმილი ღონისძიებები:
· მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა (ვაჟა ფშაველას 99), 14:00 სთ. - მწერალი, დრამატურგი და მთარგმნელი დავით გაბუნია.
სტუმარი წაიკითხავს ნაწყვეტებს ჯ. კ. როულინგის ჰარი პოტერის სერიებიდან და ისაუბრებს თემაზე "ჰარი პოტერი და გენდერული თანასწორობა".
· #7 ბიბლიოთეკა (გრიგოლ რობაქიძის გამზ., VI კვ., 23-ე კორპუსი), 14:30 სთ. - მწერალი გივი ჩიღვინაძე.
მწერალი ბაღის აღსაზრდელებსა და დაწყებითი კლასების მოსწავლეებს საკუთარ საბავშვო ნაწარმოებებს წაუკითხავს.
. #17 ბიბლიოთეკა (ნუცუბიძის პლატო, V მ/რ, 1 კორპუსი), 15:00 სთ. - მწერალი ირაკლი ლომოური.
· #13 ბიბლიოთეკა (გლდანი, VI მ/რ, მე-5 კორპუსი), 15:00 სთ - მწერალი ერეკლე დეისაძე.
ერეკლე დეისაძე მსმენელს თანამედროვე ქართულ პოეზიას წაუკითხავს.
· ვარკეთილის მედიათეკა (ვიქტორ კუპრაძის 2), 16:00 სთ. - მწერალი და დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი.
მედიათეკის სტუმარი წაიკითხავს ნაწყვეტებს პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერიდან“ და ამავე ნაწარმოების მაგალითზე განიხილავს ლიტერატურული ტექსტის შექმნის ხელოვნებასა და მეთოდებს.
ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.