პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანისა და თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირება დაუშვებელია.
კალაძის განმარტებით, პარლამენტის პიკეტირებას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
"პიკეტირება მიუღებელია, ამას მოჰყვება კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება, როგორც სხვა შემთხვევებში," - განაცხადა კახა კალაძემ.
ხვალ, 4 თებერვალს, მიმდინარე წლის პარლამენტში პირველი საგაზაფხულო სესია გაიხსნება. გაერთიანებული ოპოზიციის წევრები პარლამენტთან ხვალ დილიდან შეიკრიბებიან და პროპორციული საარჩვენოს სისტემის მოთხოვნით აქციებს დაიწყებენ. "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგა ბოკერია ამბობს, რომ ოპოზიციაში სრული თანხმობაა პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით.
"4 თებერვლის აქცია არის გამხსნელი პიკეტირება. გვქონდა საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესები. მინდა გითხრათ, რომ სრული კონსენსუსია ამ საკითხზე", - განაცხადა ბოკერიამ.