ჩინეთის ქალაქ უხანიდან საფრანგეთის მიერ ევაკუირებულთა შორის 20 ადამიანს კორონავირუსის ახალი სახეობის სიმპტომები აქვთ. ამის შესახებ პარიზში საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანიეს ბიუზენმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კორონავირუსის სიმპტომის მქონე პირებს შორის არიან როგორც საფრანგეთის, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეები. ისინი სამედიცინო გამოკვლევებს გაივლიან.
აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მიერ უხანიდან თვითმფრინავით ევაკუირებულ პირებს შორის საქართველოს ორი მოქალაქეა.
დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ განაცხადა. ექსპერტებმა წინასწარ დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი კორონავირუსის ახალი ტიპი 2019-nCoV გახდა.
დაავადებულებს ახასიათებთ სუნთქვის გაძნელება და დაღლილობის შეგრძნება, მათ ასევე აღენიშნებათ მაღალი ტემპერატურა, ხველა და ყელის ძლიერი ტკივილი.
ვირუსის შემთხვევები ასევე გამოვლინდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, აშშ-ში, კანადაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიაში, გერმანიასა და ფინეთში.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ახალი კორონავირუსის გავრცელების მზარდი საფრთხის გათვალისწინებით, გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.