მოსკოვის დიდი თეატრის რესტავრატორები სამუშაოს ყველაზე ძვირადღირებულ სტადიაზე გადავიდნენ. თეატრში სარკეების, ჩარჩოების, ავეჯისა და სხვა ინვენტარის მოოქროვება დაიწყო. ამ პროცესით უმაღლესი კვალიფიკაციის 40 ოსტატია დაკავებული.
სარესტავრაციო სამუშაო 3 მილიარდ რუბლად არის შეფასებუილ და უახლოესი ორი თვის განმავლობაში 2,4 მილიარდი რუბლის ათვისება მოხდება.
დიდი თეატრის რესტავრაციის დასრულება მომავალი წლისთვის არის ნავარაუდევი და პირველი სპექტაკლი სექტემბერ-ოქტომბერში გაიმართება.
უნდა აღინიშნოს, რომ დიდი თეატრის სამეფო ლოჟაში განლაგდება რომანოვების სახლის ორთავიანი გერბის გამოსახულება _ ზუსტი ასლი გერბისა, რომელიც აქ XIX საუკუნეში იყო. თეატრის დირექტორის ლოჟაში კი მოსკოვის გერბი იქნება გამოსახული.
ამ დროისთვის თითქმის დამთავრებულია სცენის მექანიზმების განახლება და სარესტავრაციო სამუშაო მიმდინარეობს მაყურებელთა დარბაზსა და ფოიეებში. სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს XIX საუკუნის ვენეციური მოზაიკური იატაკების აღდგენა.
რაც შეეხება თეატრის მიწისქვეშა ნაწილის რეკონსტრუქციას, ის 2011 წლის ზაფხულში დასრულდება.