ფრანგულმა ავიკომპანიამ Air France-მ, ახალი კორონავირუსის გავრცელების მზარდი საშიშროების ფონზე, ჩინეთის მიმართულებით ყველა დაგეგმილი რეისი გააუქმა. ამის შესახებ განცხადება ავიაკომპანიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
Air France-ის განცხადებით, 9 თებერვლამდე დაგეგმილი ყველა რეისი გაუქმდა.
"ჩვენი კომპანიისთვის პრიორიტეტულ ღირებულებას ჩვენი მგზავრების ჯანმრთელობისა და უსაფრთოხების დაცვა წარმოადგენს საფრანგეთსა და დანარჩენ მსოფლიოში. ჯანდაცვის ეროვნულ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო კომუნიკაციისა და კონსულტაციების შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება გავაუქმოთ ყველა დაგეგმილი რეისი 9 თებერვლამდე", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ავიაკომპანია შანხაიდან და პეკინიდან სპეციალურ რეისებს განახორციელებს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩინეთთან ავიამიმოსვლა შეწყვიტა გერმანულმა ავიაკომპანიამ Lufthansa-მ. ჩინეთში ავიამიმოსვლა გააუქმეს ასევე British Airways-მა, Air Asia-მ და Air India-მ.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა.