საკრუიზო ხომალდი Costa Smeralda, რომელზეც 6 000 მგზავრი იმყოფება, კორონავირუსის საფრთხის გამო, იტალიის ჩივიტავეკიას ნავსადგურში დაყოვნეს.
როგორც იუწყებიან, მგზავრებს ხომალდიდან ჩასვლის საშუალებას არ აძლევენ.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ჰონგ კონგელი [ზოგიერთი წყაროს ცნობით, ჩინეთის ავტონომიურ ერთეულ მაკაოდან] ცოლ-ქმარი კორონავირუსის საფრთხის გამო იზოლირებულები არიან. მაღალი ტემპერატურა და გრიპის სიმპტომები ქალს აღენიშნება, თუმცა მაღალი რისკის გამო, ბორტზე მყოფმა სამედიცინო პერსონალმა კაცის იზოლირების გადაწყვეტილებაც მიიღო.
სავარაუდოდ დაინფიცირებული მგზავრების ნიმუშები ლაბორატორიული შემოწმებისთვის რომის ერთ-ერთ ჰოსპიტალში გადაიგზავნა.
Costa Smeralda მანამდე მარსელის, ბარსელონისა და მაიორკას ნავსადგურებში იმყოფებოდა.