დღეს, ჟენევაში გაიმართება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სხდომა, სადაც იმსჯელებენ გამოაცხადონ თუ არა საერთაშორისო საგანგებო ვითარება, ახალი კორონავირუსის გავრცელების სულ უფრო და უფრო მზარდი საშიშროების გამო.
აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა გაავრცელა.
საგანგებო სხდომაზე ორგანიზაციის კომიტეტი გენერალურ დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციებს საერთაშორისო საგანგებო ვითარების გამოცხადებასთან დაკავშირებით.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სხდომაზე ასევე იმსჯელებენ დაავადების გავრცელების პრევენციულ ზომებთან დაკავშირებით.
ორგანიზაციამ ახალ კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით პირველი საგანგებო სხდომა 23 იანვარს გამართა, თუმცა მაშინ საგანგებო ვითარების გამოცხადებისგან თავი შეიკავეს.
დღეს მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი.