რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო დიდი საფრთხის წინაშე იქნება საქართველოს უსაფრთხოება და ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ, - ამის შესახებ ნათქვამია ორი ამერიკელი სენატრორის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილში.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე "რესპუბლიკელი" სენატორი ჯიმ რიში და ევროპის ქვედა კომიტეტის უმცირესობის „დემოკრატი" ლიდერი, სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს მთავრობას დემოკრატიული პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებენ და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შეერთებული შტატებისა და საქართველოს შორის ურთიერთობა გადაიხედოს.
წერილში აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიერ საარჩევნო რეფორმის დაპირების ჩაგდება და მთავრობის მიერ მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობა „ქართული დემოკრატიის და მმართველობის შესუსტებაზე მიუთითებს. სენატორები პრემიერ გახარიას მიუთითებენ, რომ მთავრობის გადაწვეტილება, რომ საარჩევნო სისტემის შესახებ ცვლილება არ მომხდარიყო, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის პასუხისმგებლობისგან უკუსვლაზე მიუთითებს. მთავრობის მიერ ამ პროტესტების ძალადობრივი ჩახშობა კი „ქართველების დემოკრატიული უფლებების და მთავრობის მიერ მისი მოქალაქეების დაცვის ვალდებულების დარღვევაა“.
„ჩვენ წლებია შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის პარტნიორობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და ჯერ ისევ გვჯერა, რომ თქვენ გაქვთ ძლიერი დემოკრატიული საფუძველი. თუმცა, ეს მოვლენები ჩვენ გვაჩერებს და გვიჩენს კითხვებს ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი საქართველოს ერთგულების თაობაზე.
ასევე, ჩვენ ვშიშობთ, რომ რეფორმების კუთხით პროგრესის ნაკლებობა და საქართველოს შიგნით დაპირისპირების ზრდა, კარს გაუღებს რუსეთის უფრო მეტად ჩარევას ქვეყანასა და რეგიონში. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ქმედებები, უფრო დიდი საფრთხის წინაშე იქნება საქართველოს უსაფრთხოება და ჩვენ შეიძლება მოგვიწიოს ჩვენს პარტნიორობას გადავხედოთ“, - ნათქვამია წერილში.