პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლის, კონგრესმენ პიტ ოლსონის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გამოთქმულ კრიტიკას გამოეხმაურა.
ანა ნაცვლიშვილის შეფასებით, მომავალში საქართველოს მთავრობა საერთაშორისო პარტნიორისგან კონგრესმენების მძაფრი გზავნილების ნაცვლად სანქციებს მიიღებს.
"ამ მასშტაბისა და ინტენსივობის საერთაშორისო კრიტიკა ხელისუფლების მიმართ ეფუძნება ქვეყნის შიგნით რეალურად არსებულ ძალიან მწვავე პრობლემებს. მალე კონკრეტული მოქმედებები იქნება, სანქციებისა თუ სხვა ნაბიჯების სახით. ამიტომ ვფიქრობ, რომ საჯარო პოზიციონირებისას ხელისუფლება თავს იკატუნებს თითქოს ინფორმაციის ვერ მიწოდების პრობლემას მოჰყვა კრიტიკა. სინამდვილეში ძალიან კარგად ესმით, რომ ამ ინტენსივობის, სიხშირისა და სიმძაფრის კრიტიკა უკვალოდ ვერ ჩაივლის”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მორიგი კრიტიკა ვაშინგტონიდან. საქართველოს ხელისუფლებას ამჯერად კონგრესის წევრი, პიტ ოლსონი აკრიტიკებს. "რესპუბლიკური პარტიის" წარმომადგენელმა საქართველოსა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზე, საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის დროს ისაუბრა.
ამერიკელი პოლიტიკოსი აქცენტს აკეთებს რუსულ გავლენებზე და უცხოურ ინვესტიციებზე. მის გამოსვლაში კიდევ ერთხელ გაიჟღერა ნავთობ-კომპანია "ფრონტერას" სახელმა, რომელზეც მანამდე კონგრესმენთა წერილშიც იყო საუბარი და რომლის საქმიანობაც საქართველოში საარბიტრაჟო სასამართლოში განიხილება. იყო სხვა პოლიტიკური გზავნილებიც, ამერიკელმა კონგრესმენმა კოლეგებს საქართველოში საპროტესტო გამოსვლების ამსახველი ფოტო აჩვენა და ქართველი აქტივისტების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.