ქართული და ფრანგული კინოს კლასიკოსი, რეჟისორი ოთარ იოსელიანი თავის ბოლო ნამუშევარს "შანტრაპა" მოსკოვის თანამედროვე კინოს ფესტივალზე "ზავტრა/2მორროწ"-ზე წარადგენს. ფესტივალი რუსეთის დედაქალაქში 14-18 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" პროექტის პროგრამულ დირექტორზე ანტონ მაზუროვზე დაყრდნობით იუწყება.
"ოთარ იოსელიანი პირადად წარადგენს თავის ფილმს, რომლის პრემიერაც კანის ფესტივალზე კონკურსგარეშე პროგრამით გაიმართა", _ განაცხადა მაზუროვმა.
"შანტრაპა" ქართველი რეჟისორის ნიკოს ისტორიას ასახავს, რომელიც საბჭოთა ცენზურას განიცდის და ამის გამო საფრანგეთში მიემგზავრება, სადაც მისი შემოქმედებით თავისუფლებას ხელს ამჯერად არა პარტიული ხელმძღვანელები, არამედ პროდიუსერები უშლიან. ფილმში ჩართულია ოთარ იოსელიანის სტუდენტური სურათის, "ყვავილების" ფრაგმენტები და გამოყენებულია მისი პარიზული ფილმების მასალა. სპეციალსიტების აზრით, იმის მიუხედავად, რომ გმირისა და იოსელიანის ბიოგრაფია ერთმანეთს ემთხვევა, კინოსურათი ავტობიოგრაფიულად არ უნდა მივიჩნიოთ.
"ამის შესახებ ფიქრი არ შეძლება. ჩემი გამოცდილება სრულიად განსხვავებულია. გმირი პრობლემებს აწყდება, რომლებიც ყველა მხატვრისთვის ტიპურია. მაგრამ კინემატოგრაფისთვის ინსტრუმენტს წარმოადგენს არა კალამი და ქაღალდი, რომლებიც ძალიან ძვირი არ ღირს. მისთვის ინსტრუმენტს წარმოადგენს ის, რაც დიდი ფული ღირს. ამიტომ ვინმე დაარწმუნოთ, ფული ჩადოს იქ, რისი გაკეთებაც მოიფიქრეთ _ ძალიან ძნელია", _ განმარტა რეჟისორმა.