ვაშინგტონმა კორონავირუსის გამო, ჩინეთის ქალაქ უხანიდან ამერიკის მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. იტყობინება "ამერიკის ხმა".
ინფორმაციას "უოლ-სტრიტ ჯორნალზე" დაყრდნობით, დღეს სააგენტო "როიტერმაც" გაავრცელა.
გავრცელებული ცნობების მიხედვით, კვირას დაგეგმილ ჩარტერულ რეისზე 230-მდე ადამიანი იქნება. მათ შორის არიან შეერთებული შტატების მოქალაქეები ოჯახებით და საკონსულოში მომუშავე დიპლომატები.
25 იანვრის მდგომარებით, ახალი კორონავირუსის დაინფიცირების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულია კიდევ 1300-მდე ადამიანი.
ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ავსტრალიაში, საფრანგეთში, ნეპალში, მალაიზიაში სამხრეთ კორეაში, შეერთებულ შტატებში, სინგაპურში, ვიეტნამსა და საუდის არაბეთშიც დაფიქსირდა.
სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 66 წლის მამაკაცს, რომელიც 20 იანვარს უხანიდან ჩამოვიდა, ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.
ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ მამა-შვილს იდენტური ვირუსი დაუდგინდათ.
ასევე ინდოეთის საგარეო საქმეთა და საპარლამენტო ურთიერთობების მინისტრის მოადგილემ, ველამველლი მურჰიდარანმა განაცხადა, რომ კოროვირუსების ახალი სახეობა აღმოუჩინეს საუდის არაბეთში მომუშავე ინდოელ მედდას.