ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოსული მგზავრები აეროპორტში გაივლიან შემოწმებას, რისთვისაც ადგილზე იმყოფება სამედიცინო პერსონალი და ეპიდემიოლოგიური სამსახური.
როგორც გაბუნია აცხადებს, მგზავრები შემოწმებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად გაივლიან.
"მგზავრები შემოწმდებიან ისე, როგორც ამას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება. ეს მოიცავს სიმპტომების შეფასებას. პირველ რიგში, მგზავრს უნდა ჰქონდეს საინფორმაციო ბუკლეტი, სადაც მითითებულია საყურადღებო სიმპტომები.
მოხდება თერმული სკრინინგი და შემდეგ, 38 გრადუსი და მეტი ვისაც ექნება ტემპერატურა, ასეთი მგზავრი თუ გამოჩნდება, მას ექნება საშუალება, გაიაროს საწყისი წინასწარი შეფასება ადგილზე, აეროპორტშივე, ვიდრე მოხდება მისი გამოშვება აეროპორტიდან ან გადამისამართება პირდაპირ სამედიცინო დაწესებულებაში", - აცხადებს თამარ გაბუნია.
მინისტრის მოადგილის თქმით, შემოწმებისას განსაკუთრებულ აქცენტს გააკეთებენ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსულ მგზავრებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ შემოწმება ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ მგზავრებს არ შეეხება.
"აქცენტი დღემდე კეთდება მაღალი რისკის რეგიონებიდან ჩამოსულ მოგზაურებზე და არა გლობალურად, ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ მოგზაურებზე. მაღალი რისკის ამ შემთხვევაში არიან ჩინეთიდან, განსაკუთრებით იმ პროვინციიდან ჩამოსული ადამიანები, სადაც მაღალია ვირუსის გავრცელება", - თქვა გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჩინეთში უკვე ოფიციალურად დააფიქსირეს განკურნებული პაციენტების შესახებ ინფორმაცია.
"ვაქცინაზე მუშაობა მიმდინარეობს. იმედი გვაქვს, რომ დროულად მოხდება ამ ვაქცინის გამოსვლაც და მისი გამოყენება იმ რისკის რეგიონებში, რომელიც დღეს არის უკვე წითელი წერტილები გლობალურად ამ დაავადებისთვის", - დასძინა თამარ გაბუნიამ.
25 იანვრის მდგომარებით, ახალი კორონავირუსის დაინფიცირების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულია კიდევ 1300-მდე ადამიანი.
ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ავსტრალიაში, საფრანგეთში, ნეპალში, მალაიზიაში სამხრეთ კორეაში, შეერთებულ შტატებში, სინგაპურში, ვიეტნამსა და საუდის არაბეთშიც დაფიქსირდა.
სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 66 წლის მამაკაცს, რომელიც 20 იანვარს უხანიდან ჩამოვიდა, ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.
ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ მამა-შვილს იდენტური ვირუსი დაუდგინდათ.
ასევე ინდოეთის საგარეო საქმეთა და საპარლამენტო ურთიერთობების მინისტრის მოადგილემ, ველამველლი მურჰიდარანმა განაცხადა, რომ კოროვირუსების ახალი სახეობა აღმოუჩინეს საუდის არაბეთში მომუშავე ინდოელ მედდას.