ჩინეთში, ხუბეის პროვინციის ცენტრალურ ქალაქ უხანში, სადაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა, ხელისუფლება 1000-საწოლიან საავადმყოფოს 6 დღეში ააშენებს. იუწყება ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი.
როგორც იუწყებიან, საავადმყოფო 25 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე გაშენდება.
მშენებლობის დაჩქარების მიზნით საავადმყოფოს წინასწარ გამზადებული კონსტრუქციებით ააშენებენ.
ჩინეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამედიცინო დაწესებულება პირველი პაციენტის მიღებას 3 თებერვალს შეძლებს.
კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს უხანის 60 სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობენ, თუმცა სამედიცინო პერსონალი და საწოლები არ არის საკმარისი დიდძალი ნაკადების გასამკლავებლად. პაციენტებს საათების განმავლობაში უწევთ რიგში დგომა.
მსგავსი შემთხვევა ჩინეთში ადრეც მოხდა. 2003 წელს „მწვავე რესპირატორული სინდრომის“ (SARS - severe acute respiratory syndrome) გავრცელების დროს, ხელისუფლებამ ჰოსპიტალი შვიდ დღეში ააშენა.
24 იანვრის მდგომარებით, ახალი კორონავირუსის დაინფიცირების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. დაინფიცირებულია კიდევ 900 ადამიანი.
ახალი კორონავირუსის შემთხვევები, ნეპალში, სამხრეთ კორეაში, შეერთებულ შტატებში, სინგაპურში, ვიეტნამსა და საუდის არაბეთშიც დაფიქსირდა.
სინგაპურის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 66 წლის მამაკაცს, რომელიც 20 იანვარს უხანიდან ჩამოვიდა, ახალი ტიპის კორონავირუსი დაუდგინდა.
ვიეტნამის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ მამა-შვილს იდენტური ვირუსი დაუდგინდათ.
ასევე ინდოეთის საგარეო საქმეთა და საპარლამენტო ურთიერთობების მინისტრის მოადგილემ, ველამველლი მურჰიდარანმა განაცხადა, რომ კოროვირუსების ახალი სახეობა აღმოუჩინეს საუდის არაბეთში მომუშავე ინდოელ მედდას.