ხვალ, 13 ნოემბერს, 14:00 საათზე, საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო სკოლის 100 წლის იუბილე აღინიშნება. ღონისძიების ინიციატორები და ორგანიზატორები ამავე სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივია.
დევნილი ბავშვები, რომლებიც რუსული აგრესიის შედეგად ცხინვალისა და ახალგორის რაიონებიდან საგურამოში არიან ჩასახლებულნი და ამავე სკოლაში სწავლობენ, გამოფენენ ტავიანთ ნამუშევრებს სახელწოდებით _ "ჩემი ცხოვრება ომის შემდეგ".
ოქროსა და ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდებიან მცხეთის რაიონის 5 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები. პორტატული კომპიუტერებით დაჯილდოვდებიან წარჩინებული ცხრაკლასდამთავრებული მოსწავლეებიც. განათლების სამინისტროს სიგელები გადაეცემა იმ ბავშვებს, რომლებმაც მოსწავლეთა რესპუბლიკურ ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს.
ღონისძიებას დაესწრებაინ საქართველოს განათლების სამინისროსა და მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.
საგურამოში სკოლის გახსნის იდეა ილია ჭავჭავაძის მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს ეკუთვნის. საკუთარ მხარეში ამ მნიშვნელოვანი საქმის განხორციელებისათვის მან წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას თხოვნით მიმართა. სწორედ აქ, ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში 1909 წლის 9 იანვარს, პირველი საგანმანათლებლო ცენტრის გახსნას ჩაეყარა საფუძველი, სადაც სკოლა მოზარდებში, მხოლოდ ოთხი კლასის განათლებას ემსახურებოდა.