ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2020 წელს 9 იანვარის გამოქვეყნდა განცხადება ჩინეთში პნევმონიის შემთხვევებთან დაკავშირებით.
2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხუბეის პროვინციის (58 მილიონი მოსახლეობით) დედაქლაქ უხანში (19 მილიონი მოსახლეობით) დაფიქსირებულ უცნობი ეტიოლოგიის პნევმონიის შემთხვევათა კვლევის შედეგად განისაზღვრა, რომ ეპიდაფეთქების გამომწვევი გახდა ახალი კორონავირუსი, რომლის იდენტიფიცირებაც მოხდა პნევმონიით დაავადებულ პაციენტში.
ჩინელმა მკვლევარებმა მოახდინეს ვირუსის სექვენირება და მისი იზოლაცია ერთი პაციენტის დადებითი ნიმუშიდან.
დაავადებულთა სამუშაო პირობების, ადგილმდებარეობის და სიმპტომების გვარობამ - მიუთითა კორონავირუსზე (CoV), როგორც კლასტერში დაავადების ერთ-ერთ შესაძლო გამომწვევზე. ოფიციალურ წარმომადგენელთა განაცხადებით, ლაბორატორიული ტესტები გამორიცხავდა SARS-CoV, MERS-CoV, გრიპის, ფრინველის გრიპის, ადენოვირუსის და სხვა რესპირატორული პათოგენების გამოვლენას.
გლობალურად, ახალი კორონავირუსის აღმოცენება პერიოდულად იჩენს თავს. მაგალითად, 2002 წელს SARS, 2012 წელს კი MERS. რამდენიმე ცნობილი კორონავირუსი ცირკულირებს ცხოველებში, თუმცა მათ მიერ ადამიანთა დაინფიცირების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აგრძელებს მონიტორინგს პარტნიორებთან ერთად, ასევე მზადაა ტექნიკური დახმარება გაუწიოს ჩინეთს ეპიდაფეთქებაზე რეაგირებასა და კვლევაში.
ევროპის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის (ECDC) ცენტრის ინფორმაცია
შემთხვევები დაფიქსირდა ჩინეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე (441), ასევე ტაილანდში (4), იაპონიაში (1), სამხრეთ კორეასა (1) და ამერიკის შეერთებულ შტატებში (1).
უხანიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება ევროპის 3 აეროპორტში, ხოლო არაპირდაპირი რეისები ევროპის სხვადასხვა ადგილებში. ევროკავშირში ვირუსის შემოტანის ალბათობა დაბალია.
22 იანვრის ინფორმაციით სულ ლაბორატორიულად დადასტურებულია 448 შემთხვევა აქედან 9 დასრულდა ლეტალურად.
რისკის შეფასება
როგორც უკვე ითქვა, ევროკავშირში ვირუსის შემოტანის ალბათობა დაბალია, თუმცა შემოტანის შემთხვევაში გამოყენებული უნდა იყოს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის მკაცრი ზომები (IPC).
ევროპის დაავადებათა კონტროლისა ცენტრის ინფორმაციით, ზოგიერთ შემთხვევაში ახალი კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა დადასტურებულია, ევროკავშირის და ევროკავშირის ეკონომიკური არეალის ქვეყნებში შემდგომი გავრცელების სავარაუდო ალბათობა საშუალოა.
არ არსებობს კონკრეტული სახელმძღვანელო მითითებები ფრენის დროს 2019-nCoV გადაცემის რისკის შესაფასებლად. საჭიროა ჩატარდეს კონტაქტების კვლევა შემთხვევევბის საფუძველზე.
რა არის კორონავირუსი?
კორონავირუსები წარმოადგენენ ვირუსების დიდ ოჯახს, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ნაკლებადმძიმე დაავადება, მაგალითად, ჩვეულებრივი გაციება და სხვა უფრო მძიმე დაავადებები, როგორიცაა MERS-CoV და SARS-CoV. ახლად აღმოჩენილი კორონავირუსი არის ახალი შტამი, რომელიც ადრე არ იყო გამოვლენილი ადამიანებში.
კორონავირუსი არის ზოონოზი, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადაცემა ხდება ცხოველიდან ადამიანზე. დეტალურმა კვლევამ აჩვენა, რომ SARS-CoV- ის გადაცემა ადამიანზე მოხდა კატისებრებიდან ხოლო MERS-CoV-ის შინაური აქლემისგან.
რამდენიმე ცნობილი კორონავირუსი ცირკულირებს ცხოველებში, თუმცა მათ მიერ ადამიანთა დაინფიცირების ფაქტი ჯერ არ დაფიქსირებულა.
რა არის კორონავირუსის სიმპტომები?
კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის ძირითადი ნიშნებია რესპირატორული სიმპტომები, ცხელება, ხველა, ქოშინი და სუნთქვის გაძნელება. უფრო მძიმე შემთხვევებში, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს პნევმონია, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, თირკმელების უკმარისობა და სიკვდილიც კი.
როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციისგან?
სტანდარტული რეკომენდაციები ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოიცავს:
• რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებთან კონტაქტისაგან თავის არიდება;
• ხელების ხშირი დაბანა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ არსებობს პირდაპირი კონტაქტი დაავადებულ ადამიანთან ან იმ გარემოსთან, სადაც იმყოფებოდა სიმპტომების მქონე პაციენტი;
• თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ფერმებთან და/ან გარეულ ცხოველებთან;
• რესპირატორული ინფექციის მქონე ადამიანებმა უნდა დაიცვან ხველის ეტიკეტი;
• სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს სტანდარტული ინფექციის კონტროლის ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში.
რეკომენდაციები საერთაშორისო მოგზაურთათვის
• მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს;
• მოერიდეთ ცხოველებთან კონტაქტს (მკვდარი, ცოცხალი) ცხოველთა ბაზრებს, ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს (თერმულად არასაკმარისად დამუშავებული ხორცი);
• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება;
• ხანში შესულმა და ჯანმრთელბის პრობლემების მქონე მოგზაურებმა უხანში გამგზავრებით შესაძლებელია უფრო მეტი რისკი შეუქმნან საკუთარ ჯანმრთელობას, გამგზავრება უნდა შეათანხმონ თავიანთ სამედიცინო დახმარების მიმწოდებელთან.
თუ უკვე იმოგზაურეთ უხანში და გაქვთ:
• მაღალი ტემპერატურა,
• ხველა,
• ყელისა და თავის ტკივილი ან
• სუნთქვის გაძნელება
მაშინ:
• დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს;
• აცნობეთ ექიმს თქვენი მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ;
• მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს;
• არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში;
• დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით ან ტანსაცმლის სახელოს გამოყენებით (და არა ხელით) ცემინების და ხველის დროს;
• ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, ხოლო მათი არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება.
წყარო: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი