გაერთიანებული სამეფოს პრინცი ჰარი უინძორი და მისი მეუღლე, სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი სამეფო უმაღლესობის (HRH - His/Her Royal Highness) ტიტულით ვეღარ ისარგებლებენ. ამის შესახებ ნათქვამია მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელიასაბედ მეორის განცხადებაში, რომელიც, ცოტა ხნის წინ, ბუკიგენის სასახლემ გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ პრინცი ჰარი და სასექსის ჰერცოგინია სახელმწიფო სახსრებიდან აღარ დაფინანსდებიან. საუბარია სახსრებზე, საიდანაც ფინანსდებოდა პრინცისა და ჰერცოგინიას სამეფო ვალდებულებით გათვალისწინებული აქტივობები.
"სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია აღარ გამოიყენებენ სამეფო უმაღლესობის ტიტულს და არ შეასრულებენ სამეფო ოჯახის წევრის მოვალეობებს", - ნათქვამია განცხადებაში.
დედოფალ ელისაბედის თქმით, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მუდამ დარჩებიან მისი ოჯახის საყვარელ წევრებად.
როგორც განცხადებაშია ნათქვამია, სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ სურვილი გამოთქვეს, დააბრუნონ სამეფო რეზიდენციის, ფროგმორ კოტეჯის რემონტზე დახარჯული 2.4 მილიონ ფუნტი. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ წყვილი დიდ ბრიტანეთში ყოფნისას ფროგმორის კოტეჯში იცხოვრებს.
პრინცმა ჰარიმ, რომელიც ტახტის მემკვიდრეთა რიგში მეექვსე ადგილს იკავებს და მეგან მარკლიმ განაცხადეს, რომ რამდენიმე თვის განხილვის შემდეგ გადაწყვიტეს ჩამოშორდნენ სამეფო ოჯახის უფროსი წევრების მოვალეობებს და იმუშაონ, რათა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებელნი.
ამასთან სასექსის ჰერცოგმა განაცხადა, რომ შექმნიან თავიანთ საქველმოქმედო ორგანიზაციას, თუმცა ამავე დროს შეასრულებენ სამეფო ოჯახის გარკვეულ ვალდებულებებს.
The Times-ი წერდა, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის განზრახვა იცხოვრონ ხან დიდ ბრიტანეთში, ხან ჩრდილოეთ ამერიკაში, უპრეცენდენტოა სამეფო ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ მოვალეობებს ასრულებენ. როგორც წესი, მონარქთა ოჯახის წევრები საზოგადოების წინაშე ოფიციალური და საქველმოქმდო ღონისძიებების დროს ჩნდებიან.
ბრიტანული მედია იუწყებოდა, რომ დედოფალი ძლიერ იმედგაცრუებული დარჩა სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას გადაწყვეტილების გამო.