გაერთიანებული სამეფოს პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ და სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლმა გადაწყვიტეს უარი თქვან სამეფო ოჯახის წევრების სტატუსზე. აღნიშნული განცხადება გუშინ გავრცელდა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პრინცი და ჰერცოგინია აპირებენ თავიანთი დრო დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის გაანაწილონ.
პრინცი და ჰერცოგინია აღნიშნავენ, რომ ისინი აპირებენ მუშაობის დაწყებას, რათა ფინანსურად დამოუკიდებელი გახდნენ სამეფო ოჯახისგან, ამასთან, აგრძელებენ დედოფლის წინაშე მოვალეობის შესრულებას.
გარდა ამისა, წყვილმა გამოაცხადა ახალი საქველმოქმედო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა საქმიანობით დაკავდება ეს ორგანიზაცია.
ბუკინგემის სასახლე გამოეხმაურა წყვილის ამ განცხადებას და აღნიშნა, რომ ესმის პრინცისა და მისი მეუღლის სურვილი, განერიდონ სამეფო ოჯახის წევრობის სტატუსს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამ საკითხების მოგვარებას გარკვეული დრო დასჭირდება.
პრინცი ჰარი და ამერიკელი მსახიობი მეგან მარკლი 2018 წლის 19 მაისს უინძორის ციხესიმაგრეში დაქორწინდნენ.
ბრიტანული ტაბლოიდური მედია წერს, რომ წყვილის ამ გადაწყვეტილებამ განარისხა დედოფალი ელისაბედ მეორე.