გენერალურ პროკურატურასთან გამართული აქცია-პერფორმანსის დროს ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს.
ისინი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შესაძლო დაბრუნებას აპროტესტებდნენ და ადგილზე სიმბოლურად ბოტასები მიიტანეს, რომელიც პროკურატურის მიმართულებით ისროლეს. სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა სამართალდამცავების მხრიდან მათი დაკავება.
„ბოტასები თავიდან ბოლომდე ასოცირდება ფარცხალაძესთან. შოთაძის უკან დაბრუნება არის სულში ჩაფურთხება იმ ათასობით ადამიანის, ვინც რუსთაველზე იდგა ორი წლის წინ, არ დავუშვებთ შოთაძის უკან დაბრუნებას“, - აცხადებს ზვიად კუპრავა.
შსს-ის ცნობით, პროკურატურასთან გამართულ აქციაზე, ზვიად კუპრავა და კიდევ ერთი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავის მიმართ დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.