21 იანვრიდან, თბილისის მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში, განახლდება პროექტი "ვიკი-სკოლა - საქართველო", რომელიც თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების მიერ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციასთან თანამშრომლობითა და საქართველო-კორეის ინფორმაციაზე წვდომის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება.
უფასო პროექტი განკუთვნილია VII-X კლასის მოსწავლეებისთვის. მის ფარგლებში მოზარდები სწავლობენ ვიკიპედიის სტატიებზე მუშაობის სპეციფიკას, მათ შექმნასა და ატვირთვას ვიკიპედიის პორტალზე. გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ, ხოლო პროექტი სასწავლო წლის ბოლომდე გასტანს.
ვიკი-სკოლაში ჩასარიცხად საჭიროა რეგისტრაციის გავლა, რის შემდეგაც მოსწავლეები გაივლიან გასაუბრებას. რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: https://bit.ly/2Nsv9LX რეგისტრაცია დასრულდება 20 იანვარს.
აღნიშნული პროექტი შარშან ნოემბრიდან ხორციელდება. ამ დროისთვის, პროექტის მონაწილეებმა შექმნეს და ვიკიპედიაზე განათავსეს ასობით სტატია. ეს პროცესი მათ არა მხოლოდ ახალ უნარებს სძენს, არამედ უფართოებს თვალსაწიერს, უღრმავებს ცოდნას და უძლიერებს ინტერესებს.
გასაუბრება და გაკვეთილები ჩატარდება მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში. მისამართი: ვაჟა ფშაველას #99 (მეტროს სადგური "სახელმწიფო უნივერსიტეტი").
