შეერთებული შტატების ახალი ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საქართველომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე ისტორიულ პროგრესს მიაღწია. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის ახალმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ფიცი დადო.
"ღონისძიებაზე კელი დეგნანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ სახელმწიფოებრივი მშენებლობის გზაზე ისტორიულ პროგრესს მიაღწია. დეგნანის განცხადებით მისი როგორც ახალი ელჩის მიზანია საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, მათ შორის, უსაფრთხოების, ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების მიმართულებებით", - იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო
ფიცის დადების ცერემონიალი სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა, რომელსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი ესწრებოდა. ცერენომიალს აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ბაქრაძეც დაესწრო.
დავით ბაქრაძემ კელი დეგნანს კიდევ ერთხელ მიულოცა საქართველოში ელჩად დანიშვნა და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 13 იანვარს, ელჩმა დავით ბაქრაძემ კელი დეგნანს ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოში უმასპინძლა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩებმა მიმოიხილეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების პრიორიტეტები.
შეერთებული შტატების სენატმა კელი დეგნანი საქართველოში აშშ-ის ელჩად 20 დეკემბერს დაამტკიცა.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად კელი დეგნანი 4 სექტემბერს წარადგინა.
კარიერული დიპლომატი კელი დეგნანი ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკურ მრჩევლად მუშაობს.
მანამდე იგი მუშაობდა აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ იტალიასა და კოსოვოში.
თავისი 25-წლიანი კარიერის განმავლობაში, კელი დეგნანი მუშაობდა ნატოში აშშ-ის წარმომადგენლობასა და თურქეთში აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური მრჩევლის მოადგილედ.
ის ასევე იყო სახელმწიფო მდივნის თანაშემწე პოლიტიკურ საკითხებში.
კელი დეგნანს აქვს ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკაში და ფლობს იტალიურ, ფრანგულ, თურქულ და ურდუს ენებს.