გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II მხარს უჭერს პრინცი ჰარისა და სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლის სურვილს "ახალი ცხოვრების" დაწყებისა და სამეფო ოჯახის უფროსი წევრების სტატუსზე უარის თქმის შესახებ.
ამის შესახებ ნათქვამია მისი უდიდებულესობის განცხადებაში, რომელიც, ცოტა ხნის წინ, ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა.
"დღეს, ჩემს ოჯახს ჰქონდა ძალიან კონსტრუქციული მსჯელობა ჩემი შვილიშვილისა და მისი ოჯახის მომავლის შესახებ.
მე და ჩემი ოჯახი სრულად ვუჭერთ მხარს ჰარისა და მეგანის სურვილს, შექმნან თავიანთი ახალი ცხოვრება.
მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა, რომ ისინი დარჩენილიყვნენ სამეფო ოჯახის სრულფასოვან წევრებად, პატივს ვცემთ და გვესმის მათი სურვილი, იცხოვრონ მეტად დამოუკიდებლად, მაგრამ დარჩნენ ჩვენი ოჯახის ღირებულ ნაწილად.
ჰარიმ და მეგანმა ნათლად აღნიშნეს, რომ მათ არ სურთ თავიანთ ახალ ცხოვრებაში სახელმწიფო სახსრებით იცხოვრონ.
აქედან გამომდინარე, შევთანხმდით, რომ იქნება გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაში სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია თავიანთ დროს გაატარებენ კანადასა და დიდ ბრიტანეთში", - ნათქვამია განცხადებაში.
პრინცმა ჰარიმ, რომელიც ტახტის მემკვიდრეთა რიგში მეექვსე ადგილს იკავებს და მეგან მარკლიმ განაცხადეს, რომ რამდენიმე თვის განხილვის შემდეგ გადაწყვიტეს ჩამოშორდნენ სამეფო ოჯახის უფროსი წევრების მოვალეობებს და იმუშაონ, რათა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებელნი.
ამასთან სასექსის ჰერცოგმა განაცხადა, რომ შექმნიან თავიანთ საქველმოქმედო ორგანიზაციას, თუმცა ამავე დროს შეასრულებენ სამეფო ოჯახის გარკვეულ ვალდებულებებს.
The Times-ი წერდა, რომ პრინც ჰარისა და მეგან მარკლის განზრახვა იცხოვრონ ხან დიდ ბრიტანეთში, ხან ჩრდილოეთ ამერიკაში, უპრეცენდენტოა სამეფო ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ მოვალეობებს ასრულებენ. როგორც წესი, მონარქთა ოჯახის წევრები საზოგადოების წინაშე ოფიციალური და საქველმოქმდო ღონისძიებების დროს ჩნდებიან.
ბრიტანული მედია იუწყებოდა, რომ დედოფალი ძლიერ იმედგაცრუებული დარჩა სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას გადაწყვეტილების გამო.