პოლიტიკური მოსაზრების გამო, ერთადერთმა ირანელმა ქალმა ოლიმპიურმა მედალოსანმა კიმია ალიზადემ ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ მან Instagram-ის გვერდზე დაწერა.
კიმია ალიზადეს თქმით, ირანში მილიონობით ჩაგრული ქალი ცხოვრობს და ის ერთ-ერთი მათგანია.
"მგზავნიდნენ იქ, სადაც ისინი გადაწყვეტდნენ. ვიმოსებოდი იმგვარად, როგორც მათ სურდათ. ჩემს მიღწევებს ისინი თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდნენ", - წერს კიმია ალიზადე.
მისი თქმით, მას სურს იცხოვროს ბედნიერად, უსაფრთხოდ და დაკავდეს თავისი საყვარელი სპორტით.
როგორც კიმია ალიზადეს წერს, ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მისთვის მეტად მძიმე იყო.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ კონკრეტულად რომელ ქვეყანაში გააგრძელებს ცხოვრებასა და სპორტულ მოღვაწეობას ირანიდან წამოსული კიმია ალიზადე.
2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე კიმია ალიზადემ ტაეკვანდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.