“ათასობით ადამიანს ხელთ აქვს ანალიზის პასუხი, რომ აქვს C ჰეპატიტი და მკურნალობის პროცესში არაა ჩართული. ამ დროს ვიგებთ, რომ კომპანია "გილეადისა" და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ნაჩუქარ 560 მლნ ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ეს რომელიღაც მორიგი საბიუჯეტო პროგრამის უბრალო ჩავარდნა კი არ არის, არამედ საზოგადოების მიმართ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულია,” - აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.
ჭიაბერაშვილი C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის 2 ძირითად მიზეზს ასახელებს. პირველი ფინანსური ბარიერია. კერძოდ, მკურნალობის დაწყებამდე ინფიცირებულ პაციენტს სრული დიაგნოსტიკური კვლევისათვის საკუთარი ჯიბიდან გარკვეული თანხის გაღება უწევდა, რაც პაციენტთა ნაწილისათვის ბარიერს ქმნიდა პროგრამაში ჩართვისთვის. სამწუხაროდ, ეს ბარიერი მხოლოდ 2019 წლის აგვისტოში მოიხსნა, პროგრამის დაწყებიდან 4 წლის თავზე.
“თუ გავითვალისწინებთ, რომ 2018 წელს ჯანდაცვის სამინისტრომ "C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაზე" 15 მლნ ლარის დახარჯვა დაგეგმა და მხოლოდ 6.4 მლნ ლარი დახარჯა, ხოლო 2019 წლისთვის დაგეგმილი 11 მლნ-დან პირველ 9 თვეში მხოლოდ 4.3 მლნ ჰქონდა ათვისებული, ნათელი გახდება, რომ სახელმწიფოს შეეძლო, ეს ფინანსური ბარიერი თავიდანვე მთლიანად მოეხსნა და პირველივე დღიდან მეტ ინფიცირებულს დაეწყო მკურნალობა. ახლა გამოდის, რომ ბიუჯეტში 5 ან 10 მლნ ლარის დაზოგვით თუ არდახარჯვით 500 მლნ ლარის წამალი უნდა გადაიყაროს,” - ამბობს ჭიაბერაშვილი.
დეპუტატმა ჯერ კიდევ 2018 წლის 14 ნოემბერს დასვა პარლამენტში საკითხი იმის თაობაზე, რომ "C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის" მიზნების მიღწევა - 135,000 ინფიცირებულის მკურნალობა ვერ მოხერხდებოდა 2020 წლის ბოლომდე, როგორც ეს თავდაპირველად კომპანია "გილეადთან" და შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად დაიგეგმა.
2019 წლის მარტში მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ეს სამწუხარო რეალობა დაადასტურა, თუმცა პროგრამის განხორციელების ტემპი არც ამის შემდეგ გაუმჯობესებულა. ამის შემდეგაც, კარგა ხანს C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება - ე.წ. სწრაფი ტესტი - სავალდებულო და უფასო მხოლოდ ჰოსპიტალური პაციენტებისათვის იყო, ხოლო ამბულატორიული პაციენტებისათვის - ფასიანი.
C ჰეპატიტის პროგრამის ჩავარდნის მეორე მიზეზად ჭიაბერაშვილი სამინისტროს გაუმართავ მენეჯმენტს ასახელებს.
“2015 წლიდან ოჯახის ექიმს, ექიმ-სპეციალისტს, დიგმოსტიკურ ლაბორატორიებს ყოველწლიურად ასიათასობით მოქალაქე აკითხავდა და მხოლოდ მენეჯმენტის აწყობა უნდოდა, რომ პოლიკლინიკასა თუ საავადმყოფოში მისულ ამბულატორიული პაციენტისთვის ჯანდაცვის სისტემას ავტომატურად, სავალდებულოდ და უფასოდ ჩაეტარებინა C ჰეპატიტზე პირველადი შემოწმება. ამისათვის საბიუჯეტო თანხების პრობლემა, როგორც რიცხვებიდანაც ჩანს, არ იდგა,” - ამბობს ჭიაბერაშვილი.
3 წლის წინანდელმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში C ჰეპატიტით ინფიცირებული დაახლოებით 150 000 ადამიანია. ელიმინაციის პროგრამის დასახული მიზანია, 2020 წლისთვის მინიმუმ 135 000 ადამიანს (ანუ 90%-ს) ჰქონდეს მკურნალობის კურსი გავლილი.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჭიაბერაშვილისათვის 2019 წლის ოქტომბერში გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობა დაიწყო დაახლოებით 60 000-მა, ხოლო მკურნალობა დაასრულა 55 000-მა პირმა.
ჭიაბერაშვილის აზრით, თუ 4 წლის განმავლობაში პოტენციურ დაავადებულთაგან მკურნალობა მხოლოდ 40%-მა გაიარა, შეუძლებლად ჩანს 2020 წლის ბოლომდე დარჩენილი 70-75 000 პირის პროგრამაში ჩართვა და მკურნალობა.
“ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამში არსებულ პრობლემებზე საჯაროდ უნდა ისაუბროს და საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის განახლებული გეგმა უნდა წარუდგინოს,” - აცხადებს ჭიაბერაშვილი.