"რუსთავის 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მოსამართლის შეურაცხყოფის გამო 500 ლარით დაჯარიმდა. დღესვე, პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ თვითაცილება გამოაცხადა. სასამართლოს წინაშე დღეს შესავალი სიტყვით დაცვის მხარე უნდა წარდგენილიყო, თუმცა პროცესი გადაიდო.
"ეს არ იყო კლოუნადა, ეს თვითაცილება იყო გარდაუვალი, იყო გადაწყვეტილი რამდენიმე დღის წინ კონკრეტულ კაბინეტში. ჯერ არ მინდა და არ არის ამაზე საუბარი საჭირო, მაინც დადგებოდა აცილების საკითხი. ის საბუთები იუსტიციის საბჭოდან მაინც გამოთხოვილი გვაქვს, მაინც ჩვენი ინტერესის სფეროა, გამოვიყენებთ და მამუკა ხაზარაძესაც ასლებს გადავუგზავნით, ეს არის ჩემი კომენტარი. საბუთები, ვინ არის სპეციალიზაციით, რამდენი მოსამართლეა, ვინ იმყოფებოდა საქმის ელექტრონულად განაწილების პირობებში შვებულებაში და ა.შ. აი, ამას ჩვენ გამოვითხოვთ. ელექტრონული განაწილება არის მკვდარი, მეგობრებო“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
პროკურორის, ზვიად გუბელიძის თქმით, მოსამართლის მხრიდან თვითაცილების გამოცხადების შემდეგ, სასამართლოს თავმჯდომარე იმსჯელებს, თუ რომელი მოსამართლე განიხილავს ამ საქმეს.