კატასტროფა შავ ზღვაში. თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის ქილიოსის ღია წყლებში, რუსეთის დროშით მცურავი ტანკერი სათევზაო ნავს შეეჯახა. განგაშის სიგნალის კვალდაკვალ ავარიის ადგილზე მისულმა სხვა თევზმჭერი ნავების პერსონალმა, ჩაძირულ ნავზე მყოფი 6 კაციდან სამის გადარჩენა შეძლეს. დაკარგულად გამოცხადებული 3 ადამიანის ძებნა კი გრძელდება.
თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაახლოებით 06:30 საათზე, შავი ზღვის ღია წყლებში, ბოსფორის სრუტის ჩრდილო-დასალეთ რეგიონში, ქილიოსის სანაპიროდან 5 მილის დაშორებით, იზმირისაკენ მიმავალი რუსული ტანკერი, თურქულ თევზმჭერ ნავს შეეჯახა, რის შედეგადაც ნავი გადაბრუნდა.
დაკარგულების სამძებრო სამუშაოებში სანაპირო დაცვის კატერები და ვერტმფრენები არიან ჩართულნი.