ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის "ალ-ყუდსის" მეთაურად, გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის შედეგ, უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ გენერალი ისმაილ ყაანი დანიშნა.
ვინ არის ისმაილ ყაანი და რა ვიცით მის შესახებ?
"ჩვენ ყველანი ომის შვილები ვართ. ჩვენ ბრძოლის ველზე შევხვდით ერთმანეთს და ომში დავმეგობრდით", - ასე აღწერს ისმაილ ყაანი გენერალ ყასემ სულეიმანთან ურთიერთობას ირანული ტელევიზიის ეთერში.
ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, რომელსაც ექვემდებარება ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და ყველა მისი ქვედენაყოფი, ისმაილ ყაანი დაახასიათა, როგორც ირანის სამსახურში მყოფი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო პირი.
მისივე თქმით, "ალ-ყუდსი" ისმაილ ყაანის მეთაურობით, იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც ეს სულეიმანის დროს იყო.
ისმაილ ყაანი დიდი ხნის განმავლობაში ჩრდილში იყო, ირანულ და დასავლურ მედიაში მისი სახელი იშვიათად თუ გაიელვებდა.
ის ირანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ქალაქ მეშჰედში 1957 წელს დაიბადა. ყაანი რევოლუციის გუშაგთა კორპუსს 1980 წელს შაჰის მმართველობის დამხობის შემდეგ, ირანის ისლამური რევოლუციიდან ერთ წელში შეუერთდა.
ყასემ სულეიმანის მსგავსად ისმაილ ყაანი მონაწილეობას იღებდა ირანში ქურთული ამბოხების ჩახშობაში.
ამას მოჰყვა ირან-ერაყის მრავალწლიან ომში მონაწილეობა, რომელსაც მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. ომში, რომლის ბრძოლის ველზეც გუშაგთა კორპუსის არაერთი მებრძოლი დაეცა, ყაანი მეთაური იყო.
მოგვიანებით, ირან-ერაყის ომთან დაკავშირებით, ისმაილ ყაანი ამბობდა, რომ მოხალისეები, ხედავდნენ რა ომის სისასტიკეს, უყოყმანოდ ემორჩილებოდნენ სამხედრო მეთაურის ბრძანებას და უკან არ იხევდნენ.
"ის იყო ერთ-ერთი იმ მეთაურთაგანი, რომლის ვარსკვლავის სწორედ ამ ომის დროს ამობრწყინდა", - იხსენებს ერთ-ერთი მებრძოლი, რომელიც ომის დროს, ყაანის ბატალიონში მსახურობდა.
ომის შემდგომ, ისმაილ ყაანი შეუერთდა "ალ-ყუდსს". იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუშაობდა ყასემ სულეიმანთან და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კონტდაზვერვით ოპერაციებს მეთაურობდა.
დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსების მოსაზრებით, "ალ-ყუდსის" საქმიანობას დასავლეთით ყასემ სულეიმანი ხელმძვანელობდა, ხოლო ყაანი ძირითადად აღმოსავლეთ ტერიტორიებზე იყო ფოკუსირებული, მაგალითად ავღანეთი და პაკისტანი.
გამოცემა Financial Times-ი წერს, რომ თუ თეირანი გადაწყვეტს ყასემ სულეიმანის გამო შური იძიოს, მაშინ ამ დავალების შესრულებას ის აუცილებლად ისმაილ ყაანს დააკისრებს.
ამავე გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით რთულია იმის დადგენა, მოიპოვებს თუ არა ისმაილ ყაანი ისეთივე გავლენებს ირანში, როგორც ეს მის წინამორბედს, ყასემ სულეიმანს ჰქონდა.
გასულ შაბათს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ ყასემ სულეიმანის შეცვლა შეუძლებელია, რადგან ის არამხოლოდ შესანიშნავი სამხედო მეთაური, არამედ პოლიტიკოსი და ნიჭიერი სტრატეგი იყო.
2012 წელს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ისმაილ ყაანს ირანის მარიონეტული ძალების დაფინანსების ბრალდებით, ფინანსური სანქციები დაუწესა. საქმე ეხებოდა ნიგერიაში, ლაგოსის პორტში დაკავებულ იარაღის დიდ პარტიას.
კონტეინერში დიდი ოდენობის "კატიუშას" ტიპის რაკეტები, ავტომატების ტყვიები და სხვა იარაღი აღმოჩნდა.
2015 წელს ყაანმა ირიბად აღიარა, რომ ირანი აწარმოებდა რაკეტებსა და სხვა იარაღებს და შეჰქონდა პალესტინაში ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად.
"შეერთებული შტატები და ისრალი ძალიან სუსტები არიან იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიონ ირანის სამხედრო ძლიერებას. ეს ძლიერება ვლინდება პალესტინისა და ღაზის სექტორის ჩაგრულ ხალხში რაკეტებისა და სხვა იარაღის სახით", - თქვა მაშინ ისმაილ ყაანიმ.