საქართველოში გრიპის ვირუსი აპრილამდე გაგრძელდება, მაგრამ ჯერჯერობით სერიოზული საფრთხე არ არსებობს, - განაცხადა პირველი არხის ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.
„ქვეყანაში დღეს დაახლოებით რვა ტიპის ვირუსი ცირკულირებს აქედან გრიპის ვირუსი არის „ა“ და „ბ“. „ბ“ ტიპის ვირუსი ცირკულირებს დაახლოებით 77% შემთხვევაში, დაახლოებით 11-12%-ში არის „ა“ ტიპის ვირუსი და აქედან H1N1 გახლავთ ამავე პროცენტში. გრიპის სეზონი ქვეყანაში აპრილამდე გრძელდება ამიტომ შესაძლებელია ეს შეფარდება მომავალი სამი თვის განმავლობაში შეიცვალოს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სტატისტიკური მონაცემებით, გრიპითა და გრიპის მსგავსი დაავადებების მაჩვენებელმა 100 ათას ადამიანზე 312 ერთეულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ეს მაჩვენებელი 277-ს შეადგენდა. ეპიდემიად კი მიიჩნევა კონკრეტული ვირუსით დაავადების 450-500 შემთხვევა ყოველ 100 ათას მცხოვრებზე.