„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში დადებითი როლის შეასრულეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ და დუმის დეპუტატმა, კონსტანტინ კოსაჩევმა, რისთვისაც მათ მადლობას უხდის.
„ვულოცავ ბატონი ვაჟას ოჯახს და ყველა მის გულშემატკივარს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ველოდით, ის ახალ წელს თავის ოჯახში შეხვდება. მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი წვლილი შეიტანა მის განთავისუფლებაში მადლობა გადავუხადო. პირადად მადლობას ვუხდი ბატონ რუდენკოს და ბატონ კოსაჩოვს, რადგან მათ დადებითი როლი ითამაშეს ბატონი ვაჟას განთავისუფლებაში“, - აცხადებს ბურჯანაძე.
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულია. ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა, ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის, 9 ნოემბერს დააკავა. საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 13 დეკემბერს გამართულ პროცესზე ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა 20 დეკემბერს მიუსაჯა.