თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ ოპერის შენობა ინგრევა, განცხადებას ავრცელებს.
„თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რესტავრაცია-რეაბილიტაცია, რომელიც ფონდმა ქართუმ განახორციელა, 2015 წელს დასრულდა. რესტავრაციის შემდგომ შენობა იდეალურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ რუსთაველის გამზირი გეოლოგიურ-ჰიდროლოგიურად არასტაბილურ ზონად ითვლება, მდებარეობს მთაწმინდის ფერდზე და მის ქვეშ გადის გრუნტის წყლები, სახელმწიფოს მხრიდან მუდმივად იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ.
2017 წელს, გეოლოგიური გამოკვლევებით გადამოწმდა და დადგინდა, რომ მიწის ქვეშ გრუნტის წყლებმა მიმართულება შეიცვალა, რომელსაც შესაძლოა საფრთხე შეექმნა შენობის ნაწილისათვის. ამიტომ, გეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, შენობის გაძლიერებისთვის დამატებითი ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო. შესაბამისად მომზადდა შენობის კონსტრუქციის გაძლიერების პროექტი, რის საფუძველზეც დღეისთვის მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პატრონაჟით ხორციელდება“, - ნათქვამია განცხადებაში.