თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი დოხტურიშვილი, დღეს გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე მასსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას გამოეხმაურა.
როგორც უმრავლესობის წევრი აღნიშნავს, საკრებულო არ არის შეხლა-შემოხლის და ფიზიკური დაპირისპირების ადგილი, თუმცა არც სიტყვიერი შეურაცხყოფების და აგრესიული შოუების ადგილია.
„დაუმსახურებელი აგრესია და შეურაცხყოფა არც არასდროს არავისთვის მიპატებია და არც მომავალში ვაპირებ ვაპატიო, მითუმეტეს ისეთ ძალით “მამაც” და სარკეში ნამეცადინებ ჯამბაზს, როგორიც ხაბეიშვილია,”- განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
რაც შეეხება ერეკლე კუხიანიძეს, რომლის კომისიის სხდომაზე დასწრებაც გახდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, საკრებულოს წევრის განცხადებით, კუხიანიძე ერთხმად გარიცხეს საკრებულოს უმრავლესობიდან და გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარეობიდანაც გადააყენეს.
„ერეკლე კუხიანიძის, როგორც საკრებულოს წევრის მანდატის დატოვების სამართლებრივი გზა, გარდა პირადი განცხადებისა, არ არსებობს. თუ გამოიგონებს ხაბეიშვილი, გამოიგონოს, მისი ნებაა, მაგრამ მანამდე გავიდნენ და სადაც უნდათ იქ არჩიონ ერთმანეთში საქმეები, რადგან ამ ჯამბაზს სხდომების ჩაშლის, ჩვენი და ჩვენი თანაგუნდელების შეურაცხყოფის უფლებას არ მივცემ და ყველა შეურაცხყოფაზე შესაბამის პასუხს მიიღებს,”- დასძინა გიორგი დოხტურიშვილმა.