საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ Facebook-ის მიერ გაუქმებულ ასეულობით ანგარიშს საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ ზალკალიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.
"არამც და არამც, არ ვადასტურებ, კატეგორიულად მიუღებელია ეს ჩემთვის რადგანაც ვიცი, ვარ ხელისუფლების ნაწილი და დარწმუნებული ვარ, რომ ის ოფიციალური საიტები, რომლებითაც ხელისუფლება ახდენს კომუნიკაციას საზოგადოებასთან, არის მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური საიტები", - ამბობს ზალკალიანი და დასძენს, რომ Facebook-ისთვის რეპუტაციული პრობლემა არახალია.
"ფეისბუქისთვის რეპუტაციული პრობლემები არახალია, ჩვენ გვახსოვს, რომ ცოტა ხნის წინ თავად ფეისბუქს მოუწია გამოსვლა აშშ-ის კონგრესში და კონგრესმენების წინაშე ბევრი კითხვისთვის პასუხის გაცემა", თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მისივე განცხადებით, აღსანიშნავია, რომ Facebook-ს არ გაუუქმებია არცერთი ის გვერდი, საიდანაც ხელისუფლების მიმართ ყალბი ინფორმაცია გავრცელებულა.
"მე თვითონ და უმრავი ჩემი კოლეგა მომსწრე ვართ, რომ ე.წ. ფეიკნიუსებით ყოფილა დაბულინგება და დაშანტაჟება. ობიექტური უნდა იყო. არ გაუქმებულა არც ერთი ის ანგარიში, საიდანაც ყოფილა ხელისუფლების მიმართ ყალბი ინფორმაციის გავრცელება.
არ გაუქმებულა არც ერთი ის ექაუნთი, საიდანაც ხდებოდა ხელისუფლების ან ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ყალბი ინფორმაციის გავრცელება", - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
შეგახსენებთ, Facebook-მა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული რამდენიმე ასეული ქართული ანგარიში გააუქმა, მათ შორის 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 instagram ანგარიში.