Facebook-მა საქართველოს მთავრობასთან დაკავშირებული რამდენიმე ასეული ქართული ანგარიში გააუქმა, მათ შორის 39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 instagram ანგარიში. ამის შესახებ Facebook-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"ეს ანგარიშები სოციალურ ქსელში პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და განასახიერებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, აქტივისტ ჯგუფებსა და მედიასაშულებებს. ისინი ძირითადად ქვეყანაში მიმდინარე ახალი ამბებისა და პოლიტიკური მოვლენების შესახებ აქვეყნებდნენ ინფორმაციას. მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, მთავრობის პოლიტიკა, ოპოზიციისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ შეენიღბათ თავიანთი ვინაობა და კოორდინირებული მუშაობა, თუმცა ჩვენმა გამოძიებამ ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია "პანდასა" და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას დაუკავშირა", - ნათქვამია განცხადებაში.
Facebook-ის განცხადებით, აღნიშნულმა გვერდებმა სარეკლამო კამპანიაში, ანუ გამოქვეყნებული ინფორმაციის დასპონსორებაში დაახლოებით 316 ათასი დოლარი დახარჯეს.