საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა“ და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) დაფინანსებითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა სათემო ფორუმი. ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებისა და რეგიონული უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა საქართველოს ცამეტი მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობა მიიღეს სათემო ფორუმში, რომელიც 19-20 დეკემბერს კაჭრეთში გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებმა იმსჯელეს კლიმატური საფრთხეების შესახებ და ადგილობრივ დონეზე მათთან გამკლავების გზები განიხილეს.
სათემო ფორუმი ჩატარდა ფართომასშტაბიანი ერთობლივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც კლიმატური კატასტროფებისგან საქართველოს მოსახლეობის დაცვას ემსახურება. 74 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამა 2019 წელს დაიწყო და საქართველოს 11 დიდი მდინარის აუზებში შვიდი წლის მანძილზე განხორციელდება. პროგრამის შესრულების შედეგად გაიზრდება საქართველოს მედეგობა კლიმატური საფრთხეების მიმართ, ხოლო 1.7 მილიონი ადამიანი უკეთ იქნება დაცული წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხეებისგან.
"მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა უმნიშვნელოვანესია ამ უპრეცედენტო ეროვნული პროგრამის მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა. „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფები ჩვენი საერთო საფრთხეა, ხოლო მათთან გამკლავება სისტემურ მიდგომასა და ყველა ჩვენგანის მონაწილეობას მოითხოვს“.
„ხშირად ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ბუნებრივი კატასტროფებისგან დაცვა მხოლოდ დედაქალაქში არსებული ცენტრალური სტრუქტურების პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „ცენტრალური ხელისუფლების ჩართულობა, რა თქმა უნდა, საკვანძოა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობის როლი ასევე მეტად მნიშვნელოვანია როგორც პრევენციის, ასევე კატასტროფებზე რეაგირების თვალსაზრისით“.
სათემო ფორუმის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია პროგრამის საკვანძო შემადგენლებზე, როგორიცაა სატელიტური ტექნოლოგიების გამოყენება კლიმატური კატასტროფების მაღალი რისკის მქონე მონაკვეთების გამოსავლენად; ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების პროგნოზირების დახვეწა; ადრეული გაფრთხილების ეროვნული სისტემის შექმნა; მოსახლეობის ინფორმირება, განათლება და ცნობიერების გაზრდა; დამცავი ინფრასტრუქტურის შექმნა და სხვა სტრუქტურული ზომების გატარება კლიმატური კატასტროფებისგან დაცვის მიზნით.
პროგრამის ფარგლებში უკვე განისაზღვრა, რომ ცამეტ მუნიციპალიტეტში, რომელთა წარმომადგენლებმა სათემო ფორუმში მიიღეს მონაწილეობა - ლაგოდეხში, სიღნაღში, ახმეტაში, გორში, თელავში, აბაშაში, სენაკში, სამტრედიაში, ხობში, ქობულეთში, ოზურგეთში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში - კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის განსაკუთრებით მაღალია. პროგრამის მიერ განსაზღვრულ დახმარებას ეს მუნიციპალიტეტები პირველ რიგში მიიღებენ, ხოლო სულ პროგრამის შედეგებით საქართველოს 100 მუნიციპალიტეტი ისარგებლებს.
"გაეროს განვითარების პროგრამის სახელით, ჩვენი მოხარულები ვართ, რომ დღეს აქ ვიმყოფებით და ვატარებთ პირველ ყოველწლიურ სათემო ფორუმს, რომელიც იმართება ჩვენი პროგრამის ფარგლებში. პროგრამა მიმართულია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებისაკენ. ჩვენი აზრით საქართველოში ყველაზე დიდი საფრთხეს კატასტროფები წარმოადგენს სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ის მუნიციპალიტეტები, რომლებიც ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან. ჩამოვაყალიბეთ ადრეული გაფრთხილების სისტემა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ჩავრთეთ ამ პროექტში, რადგან ამ ადამიანებმა იცოდნენ თუ როგორ მოიქცნენ კატასტროფების დროს. არ შეიძლება ადამიანები ისხდნენ სახლში და ეგონოთ, რომ მთავრობამ უნდა დაიცვას ისინი კატასტროფებისგან თვითონ თემი და მოსახლეობა უნდა იყოს ჩართული კატასტროფის რისკების შემცირებაში. დღევანდელი შეხვედრა 7 წლიანი ინტენსიური მუშაობის დასაწყისია იმ პროგრამის ფარგლებში, რომლის ჯამური ბიუჯეტი დაახლობით 74 მილიონი დოლარია. პროექტში სამთავრობო სექტორის და სამინიტროს წარმომადგენლებთან ერთად სამიზნე თემების ჩართულობა იქნება ჩვენი პროგრამის განხორციელბის წარმატების საწინდარი“, განაცხადა საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ლუიზა ვინტონმა.
ფორუმის მსვლელობისას განსაკუთრებით აღინიშნა სამთავრობო უწყებებს შორის კომუნიკაციის, კოორდინირებისა და თანამშრომლობის მნიშვნელობა კლიმატური კატასტროფების რისკის შემცირების საქმეში. ფორუმის მუშაობაში ჩაერთნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ-ი „გარემოს ეროვნული სააგენტო“, ეროვნული უშიშროების საბჭო, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ-ი „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური“ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტი.
ფორუმში ასევე მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.
სათემო ფორუმის მონაწილეთა გამოსვლებმა და ფორუმზე გამართულმა დისკუსიამ ნათლად აჩვენა, რომ კლიმატური კატასტროფების საფრთხე მეტად მნიშვნელოვანი და მტკივნეული საკითხია საქართველოს მოსახლეობისთვის, ხოლო კლიმატისადმი მედეგობა და კატასტროფებისგან დაცვა ერთერთი საკვანძო პრიორიტეტია.