ჟურნალმა National Interest-მა დაასახელა მსოფლიოში 5 ყველაზე ძლევამოსილი საზღვაო ფლოტის მფლობელი ქვეყანა. ეს ქვეყნებია: შეერთებული შტატები, ჩინეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და იაპონია.
აშშ-ის საზღვაო ძალები - United States Navy
პირველ ადგილზე გავიდა შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტი.
"არცერთ სხვა საზღვაო ძალას არ აქვს ისეთი გლობალური დაფარვა, როგორც შეერთებული შტატების ფლოტს, რომელიც წარმოდგენილია წყნარ ოკეანეში, ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში, ხმელთაშუა ზღვასა და სპარსეთის ყურეში", - წერს სტატიის ავტორი.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ფლოტის შემადგენლობაში შედის 288 საბრძოლო ხომალდი, რომლის მესამედი მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაშია. ასევე, 10 ავიამზიდი, ცხრა სადესანტო ხომალდი, 22 კრეისერი, 62 გამანადგურებული, 17 ფრეგატი და 72 წყალქვეშა ნავი.
შეერთებული შტატების საზღვაო ძალების შემადგენლობაში შედის 3700 საჰაერო ხომალდი.
აშშ-ის საზღვაო ძალებში 328,186 მოქმედი მოსამსახურეა, 110,882 ადამიანი საზღვაო ძალების რეზერვში იმყოფება.
ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის საზღვაო ძალები - People’s Liberation Army Navy
მეორე ადგილზე გავიდა ჩინეთის საზღვაო ფლოტი, რომლის გაძლიერება შესაძლებელი გახადა ქვეყნის ეკონომიკურმა წინსვლამ. 1989 წელს ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი 10-ჯერ გაიზარდა.
ჩინეთის საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში შედის ერთი ავიამზიდი, 3 სადესანტო ხომალდი, 25 გამანადგურებელი, 42 ფრეგატი, 58 წყალქვეშა ნავი, რომელთაგან 8 ატომური იარაღის ქობინებით არის აღჭურვილი.
რუსეთის საზღვაო ძალები - Russian Navy
მესამე ადგილზე რუსეთის საზღვაო ძალები გავიდა, რომელმაც ფლოტის უდიდესი ნაწილი საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიიღო. როგორც სტატიის ავტორი წერს, თანდათანობით ახალი ხომალდები შედიან ექსპლოატაციაში და ძველების მოდერნიზება ხდება.
რუსეთის საზღვაო ფლოტის შემადგენლობაში შედის 1 ავიამზიდი "ადმირალი კუზნეცოვი", რომელზეც ცოტა ხნის წინ სერიოზული ხანძარი გაჩნდა, რამაც ორი მეზღვაურის დაღუპვა გამოიწვია. ასევე 78 ხომალდი, 5 კრეისერი, 13 გამანადგურებელი და 52 წყალქვეშა ნავი.
დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ფლოტი - Royal Navy
მეოთხე ადგილზე გავიდა დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტი, რომლის შემადგენლობაში შედის 3 სადესანტო ხომალდი, 19 ფრეგატი და გამანადგურებელი, 7 ატომური წყალქვეშა ნავი და კიდევ 4 წყალქვეშა ნავი ბალისტიკური რაკეტებით.
დიდი ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალებში 33 400 მოქმედი მოსამსახურეა, 2 600 ადამიანი საზღვაო ძალების რეზერვში იმყოფება.
იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალები Japan Maritime Self-Defense Force
ხუთეულს ასრულებს იაპონიის საზღვაო ძალები, რომელიც 114 ხომალდისგან შედგება. მის შემადგენლობაში შედის ასევე 46 გამანადგურებელი და 16 წყალქვეშა ნავი.