"ეს სისტემური ხარვეზია და არ შეიძლება პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ პიროვნებას,"- ეს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტის შეფასებისას გააკეთა.
ტიკარაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ სისტემურ ხარვეზთან საბრძოლველად ოპოზიცია და მთავრობა უნდა გაერთიანდეს.
"ჩემთვის ეს ნამდვილად იყო ძალიან ემოციური, ვინაიდან მე ვარ მოზარდის დედა. ჩემი შვილიც საკმაოდ ემოციურია ამ ფაქტის მიმართ. ჩემთვის ეს იყო ძალიან ძნელი, თვითონ ფაქტი ფაქტად აღსაქმელად. მე აუცილებლად ვითანამშრომლებ. ვთვლი, რომ ეს სისტემური ხარვეზია და არ შეიძლება პასუხისმგებლობა დავაკისროთ მხოლოდ ერთ პიროვნებას, ჩვენ უნდა მივუდგეთ ამას სისტემურად. ეს არის ერის ტრაგედია და, ამ შემთხვევაში, არ არსებობს მთავრობის და ოპოზიციის გუნდი, ჩვენ ამ სისტემის წინააღმდეგ უნდა გავერთიანდეთ, ესაა ჩვენი მომავალი“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
15 წლის ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. ის მე-9 სართულიდან გადმოხტა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო და 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
მოზარდის გარდაცვალების შემდეგ, იმავე დღეს, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით დააკავა. დაკავებული გამომძიებელი ბრალდებას არ აღიარებს. მისთვის ჯერ ბრალი ოფიციალურად არ წარუდგენიათ.