დღეს თბილისში ტრადიციული მრავალხმიანობის V საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება.
სიმპოზიუმი საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფოლკლორის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით ტარდება.
სიმპოზიუმში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ფოლკლორული კოლექტივები დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიდან, ლიტვიდან, ავსტრალიიდან, აშშ-დან და კანადიდან ჩამოვიდნენ.
ქართველ მეცნიერებთან და ფოლკლორის შემსრულებლებთან ერთად ღონისძიებაში მონაწილოებას ევროპელი სპეციალისტებიც მიიღებენ.
სიმპოზიუმის ფარგლებში ნიუ-იორკში გამოცემული წიგნის "ექო საქართველოდან: ქართული მრავალხმიანობის 17 არგუმენტი" პრეზენტაცია იგეგმება.
სიმპოზიუმის სამეცნიერო სესიის ფარგლებში ლექციებს აღმოსავლური და დასავლური ტრადიციული პოლიფონიის შესახებ სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერები წაიკითხავენ. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საეკლესიო პოლიფონიაზე.
ქართულთან ერთად წარმოდგენილი იქნება იაპონური, რუსული, ფრანგული მრავალხმიანობის შესახებ დაწერილი სამეცნიერო ნაშრომები. სესიის დასასრულს ნაჩვენები იქნება ჰუგო ზემპის ფილმი "თამარისა და ლაშარის დღესასწაულები".
სიმპოზიუმი 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება.