შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში საბოლოო კენჭისყრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, ოთხშაბათს, 18 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ გუშინ განაცხადა.
"ხვალ, წარმომადგენელთა პალატა განახორციელებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას და კენჭს უყრის პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს", - განაცხადა პელოსიმ.
სამშაბათს, დონალდ ტრამპმა ნენსი პელოსისადმი მიწერილი მკაცრი შინაარსის წერილი გაასაჯაროვა, სადაც ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერსა და სხვა დემოკრატებს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს.
შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის, წარადგინეს ბრალდება ორი მუხლით. ესენია: ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და გამოძიებისთვის ხელის შეშლა.
იმ შემთხვევაში, თუ წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა დადებითად გადაწყდება, საკითხი განსახილველად სენატს გადაეცემა, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელების ხელშია. რაც ქმნის მოლოდინს, რომ იმპიჩმენტის საკითხი ტრამპის სასიკეთოდ გადაწყდება.