17 დეკემბერს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივ/პროფესიულ კოლეჯ "იბერიას" გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ეწვივნენ.
მათ ტურიზმის სფეროში ჩართულ პირებთან სამუშაო შეხვედრას გამართეს. კოლეჯ "იბერიას“ ინიციატივითა და ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა იმ სასტუმროების წარმომადგენლებმა მიიღეს, რომლებიც იმერეთის რეგიონში ოპერირებენ.
ღონისძიების მიზანია ტურიზმის მიმართულებით გერმანული დუალური პროფესიული განათლების მოდელის დანერგვა, რაც პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის ჩართულობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებით, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, ინოვაციური მიდგომების დანერგვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით არის შესაძლებელი.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) პროფესიული განათლების რეფორმის ერთ-ერთი მხარდამჭერია და ხელს უწყობს საქართველოს პროფესიული განათლების რეფორმის სტრატეგიის განხორციელებას.
საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერია" თავისი მანდატის ფარგლებში პროგრამების განვითარების მიზნით მუდმივად თანამშრომლობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან.