ტელეკომპანია "მაესტროს" ახალი მმართველი ჰყავს. არხი სამწლიანი მმართველობით ეროსი კიწმარიშვილის ფირმას, "რუსთავის მედია-მართვის კომპანიას" გადაეცა.
მაესტროში სამეთვალყურეო საბჭო შეიქმნება, რომელშიც საერთაშოროსო მედიის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორის წევრები გაერთიანდებიან.
"გადავწყვიტეთ, ტელეკომპანია "მაესტროს" მენეჯმენტი ანუ ტელეკომპანია "მაესტროს" მართვის უფლება გადავცეთ ეროსი კიწმარიშვილს, მის კომპანიას, სამი წლის ვადით, ყოველი შემდეგი ერთი წლის გაგრძელების უფლებით", _ განაცხადა "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა, მამუკა ღლონტმა.
კიწმარიშვილის განცხადებით, არხის სარედაქციო პოლიტიკა უცვლელი დარჩება. აქცენტი ძველ კადრებზე გაკეთდება, არხის კონცეფცია კი თავიდან დაიწერება.
"არხი შეინარჩუნებს დამოუკიდებლობას. რაც შეეხება არხის კონცეფციას, ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ეს იქნება ერთობლივი შეთანხმებით მიღებული კონცეფცია, რომელიც მოემსახურება იმას, ვისთვისაც ზოგადად ეს არხი უნდა მუშაობდეს ან მუშაობს, მაყურებლის ინტერესს. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ არხი გაფართოვდეს და წარმატებული იყოს", _ განაცხადა კიწმარიშვილმა.