„ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდოს შემცირება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დადებით ტენდენციებს, რაც ქვეყნის ეკონომიკაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიმდინარეობს და შემთხვევითი არ არის ის გარემოებაც, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ყველა წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ მოხდა ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება, რომლის შეფასების ერთ-ერთ ფაქტორადაც, მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან ერთად, საგარეო მოწყვლადობის დონის შემცირება მიიჩნევა“ - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, საგარეო-სავაჭრო ბრუნვა ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების თავისებური ანარეკლია.
„ნიშანდობლივია, რომ ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება გამოწვეულია წმინდა ექსპორტის ანუ ექსპორტის ზრდის ტემპების იმპორტის ზრდასთან შედარებით ზრდის დადებითი ტენდენციით. წმინდა ექსპორტის ზრდა პირველ რიგში დადებითად აისახება მშპ-ის ზრდის მაჩვენებელზე, რომელმაც ოქტომბერში 5.7 % შეადგინა, ხოლო სავაჭრო სალდოს შემცირება ნახევარი მილიარდი აშშ დოლარით, ასევე პოზიტიურად აისახა კიდეც ლარის გამყარების მიმდინარე ტენდენციაზე, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ფაქტორი“ - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.
ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ექსპორტის ზრდის დადებით ტენდენციას დაემატა მესამე კვარტალში ინვესტიციების 14 % იანი ზრდა, რაც მეორე კვარტალთან შედარებით გაორმაგებულია და 417 მლნ აშშ დოლარი შეადგენს. „ნიშანდობლივია, რომ ინვესტიციების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეინვესტირების მაჩვენებელმა, რაც გასული სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო გასული წლის დონეს ორჯერაც კი აღემატება. რეინვესტირებული თანხა იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებმა მოგება კი არ გაიტანეს, არამედ დატოვეს ქართულ ეკონომიკაში, რაც მიუხედავად ნაციონალური ოპოფლანგის გაგრძელებული საპროტესტო გამოსვლებისა და დესტრუქციის მცდელობებისა, დღევანდელი სამთავრობო გუნდის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და მთლიანობაში ქვეყნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე მიუთითებს“ - წერს ცუცქირიძე.