საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, პარლამენტში მმართველი გუნდის წარმომადგენლები დილით შეიკრიბებიან და დაგეგმილი აქციის გამო, საკანონმდებლო ორგანოში დღეს დარჩენას არ აპირებენ, როგორც ამას ზოგიერთი ადამიანი ამბობს.
„ჩვენ მოვისმინეთ განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ აქ დარჩენა ღამის თევით მოგვიწევს იმისთვის, რომ სხდომა გაიმართოს, რაც რეალობას აბსოლუტურად აცდენილია. დილით შევიკრიბებით. რომელ საათზე, ამას ჩვენ გადავწყვეტთ. დამერწმუნეთ, ხვალ აუცილებლად შედგება პარლამენტის სხდომა. ხვალაც ალბათ, არ ვიცი, 200-300, რამდენი „ნაციონალი“ აქტივისტი შეიკრიბება პარლამენტთან, თუმცა მათ არ აქვთ პარლამენტის ბლოკირების რესურსი. კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში ყველა ზომა იქნება მიღებული, რათა პარლამენტმა შეძლოს ჩვეულ რეჟიმში მუშაობა“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.